გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაუშვებენ თუ არა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემას.
"ვამზადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას და მას ძალიან მალე მივიღებთ", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პისტორიუსის თქმით, თუ ტანკების გაგზავნაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, გერმანია შეძლებს "ძალიან სწრაფად იმოქმედოს". გარდა ამისა, მან კრიტიკას უპასუხა თქვა, რომ ტანკების საკითხი მხოლოდ გერმანიაზე დამოკიდებული არაა.
"არის ზოგიერთი პარტნიორი, რომელიც ჯერ კიდევ ამ პროცესს აფასებს", - განმარტა მან.
ამასთან, პისტორიუსმა განმარტა, რომ ისინი არ აღუდგებიან სხვა ქვეყნებს, თუ Leopard-ის ტანკებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნებს დაიწყებენ.
უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვს. როგორც უკრაინული მხარე ამბობს, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭიროა მწარმოებელი ქვეყნის, გერმანიის თანხმობა.
გერმანიის ოფიციალური პირები კი აღნიშნავენ, რომ გერმანია არაა წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს, თუმცა საკითხზე გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღიათ. ამავე დროს კი, პოლონეთში უკვე დაიწყო უკრაინელი სამხედროების წვრთნები.